ონლაინ–გაკვეთილები. თექა

მშრალი თელვის ტექნოლოგია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც იზიდავს სამგანზომილებიანი ფიგურები. თუმცა მშრალი თელვის მეთოდს ხშირად იყენებენ სამკაულების დასამზადებლად, დეკორატიული ელემენტების შესაქმნელად, ტრიკოტაჟული და იმ სხვა ქსოვილების გასაფორმებლად, რომელიც თელვის პროცესს ექვემდებარება.

ძირითადი ხელსაწყო ამ პროცესში არის სხვადასხვა ზომის სპეციალური  დანიშნულების ნემსები, რომელიც ამარტივებს კონტურების ფორმირებას და სასურველი რელიეფის შექმნას. ნემსები სხვადასხვა ზომის და ფორმის არსებობს: სამკუთხა, ოთხკუთხა, ერთმაგი, სამმაგი და დაჯგუფებული. ნუმერაციის მიხედვით ნემსები არსებობს წმინდა და შედარებით მსხვილი. რაც უფრო მაღალია ნემსის მაჩვენებელი რიცხვი, მით უფრო წმინდაა იგი და - პირიქით. მაგალითად: ნემსები #32-36 თავისი დიამეტრით მეტია, ე.ი. უფრო მსხილია, ვიდრე #38-40. პირველი, ანუ #32-36 გამოიყენება თელვის პირველ ეტაპზე, ხოლო მეორე - #38-40 -მეტი სიზუსტისა და მოყვანილობის დასახვეწად.

სამუშაოს გამარტივების მიზნით და სრულყოფილი კონტურების მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა შაბლონები, ყველანაირი ფორმები და ტრაფარეტები. ან სულაც მუყაოსგან დაამზადოთ იგი. ნემსზე არსებული ნაჭდევები მატყლის ბოჭკოებს უბიძგებს ქვევით, რაც იწვევს ამ ბოჭკოების ერთმანეთში მჭიდროდ შეზრდას და, მშრალი თელვის არსიც სწორედ ამაში გამოიხატება. თექის ნემსებთან ერთად, რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ მცირეოდენი მატყლი და პარალონის ნაჭერი.

რაც შეეხება მატყლს, თელვაში ყველაზე სწრაფ და ხარისხიან შედეგს იძლევა მატყლი "მერინო". თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა, მოკლე ბეწვის მქონე და შესაბამისად დამუშავებული მატყლი, როგორც ბუნებრივი შეფერილობის მქონე, ისე შეღებილი.

თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მშრალი თელვის პროცესი ბევრად უფრო სწრაფად წარმართოთ, რაშიც დაგეხმარებათ სპეციალური დანიშნულების დანადგარი, რომელიც თქვენს ჩანაფიქრს რამდენიმე წუთში მოიყვანს სისრულეში. თუმცა თექის დამზადების დიდოსტატები იშვიათად მიმართავენ ამ გზას და ხელით თელვას ამჯობინებენ, რაც ალბად, შემოქმედი ადამიანის მიერ ამ საქმისადმი თავისებური მიდგომით აიხსნება.



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved