ონლაინ–გაკვეთილები. ხელით ქსოვა

  ხელით ქსოვის დროს უპირველესი და უმთავრესი ფაქტორი გახლავთ სამუშაო ძაფისა და საქსოვი ჩხირების ან ყაისნაღის სწორი შერჩევა და მათი შესაბამისობა. არასწორად შერჩეული სიმჭიდროვე ნაწარმის ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს და მის სახეს სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს. ხშირად ჩხირებზე ან ყაისნაღზე არ არის მინიშნებული მათი ზომები, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი კუსტარულად არის დამზადებული. ხდება ისეც, რომ საქსოვი ჩხირების წყვილში თითოეული სხვადასხვა ზომისაა, რაც ქსოვის პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მრავალფეროვანი ფურნიტურის ჩამონათვალში არსებობს ქსოვის კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში. კალკულატორზე მონიშნული ხვრელები ემთხვევა ჩხირის ან ყაისნაღის დიამეტრს. ამით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა ზომის ჩხირიებით აპირებთ მუშაობას. ანალოგიურად განისაზღვრება სამუშაო ძაფის შესაბამისობა ჩხირებთან, იმ განსხვავებით, რომ ძაფი უნდა მოიკეცოს ორად და ერგებოდეს კალკულატორის შესაბამის ნიშნულს.

თუ არ გაქვთ მსგავსი კალკულატორი, შემოგთავაზებთ ერთ მარტივ გზას: როგორც წესი, სამუშაო ძაფის სისქე უნდა იყოს ორჯერ ნაკლები, ვიდრე შერჩეული ჩხირის დიამეტრი. ამისათვის საქსოვი ძაფი მოკეცეთ ორად და მსუბუქად გადაგრიხეთ. ამ სახით მიღებული ძაფის სისქე უნდა ემთხვეოდეს საქსოვი ჩხირის დიამეტრს.

 



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved