ონლაინ–გაკვეთილები. მოდელირება

რამდენიმე წლის წინ ჟურნალ Burda-ს გვერდებზე გამოჩნდა შარვლები, რომელიც გამოირჩევა პრაქტიკულობით, თავისუფალი სილუეტით, ნაკერების მინიმალური რაოდენობით და მარტივი ტექნოლოგიით. 2008 წელს ჯონ გალიანომ თავისი კოლექცია სწორედ ასეთ შარვლებს მიუძღვნა. ბოლო წლების განმავლობაში ამგვარმა შარვლებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მოდის სამყაროშიც. თუ აქამდე ასეთი შარვლები ზოგიერთი ქვეყნის ნაციონალური კოსტიუმების სიაში იყო, დღეს იგი თანამედროვე, მოდური ქალების გარდერობის ნაწილია. სახელწოდება კი სხდასხვაგვარია: "აღმოსავლური შარვლები", "ინდური შაროვარი", "ჰარემის შარვალი", "ალადინის შარვალი", "ავღანები", "ალი-ბაბა", "ბედუინის შარვალი", "თურქული შაროვარი". ყველა მათგანს მსგავსი, დამახასიათებელი ფორმა და მოყვანილობა გააჩნია: თავისუფალია წელისა და თეძოს გარშემო, იკერება შუა ნაკერების გარეშე და უბის სიღრმე ზოგჯერ მუხლს ქვემოთ აღწევს.


 როგორია ამ შარვლების კერვის პროცესი, კარგად ჩანს ვიდეო–გაკვეთილში. გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ვიდეოში მოცემული ტექნოლოგია არასრულყოფილია, საკმარისია მხოლოდ კერვის პროცესის არსის გასაცნობად და ზოგადი წარმოდგენის მისაღებად, რადგან ამგვარად შეკერილ ნებისმიერ სამოსს ხარისხთან და იდეალურ მორგებასთან საერთო არაფერი აქვს.

  აღმოსავლური შარვლების შესაკერად რეკომენდებულია რბილი და ელასტიური ქსოვილები. განსაკუთრებით ეფექტურია ელასტიური ხავერდი. ქსოვილის გამოსაჭრელად გამოიყენება კლასიკური შარვლის საბაზისო თარგი მცირეოდენი კორექტივებით. შარვლის სიგრძე შეარჩიეთ სურვილის მიხედვით.

კლასიკური თარგის გამოყენებით აღმოსავლური სტილის შარვლების კონსტრუირება პირდაპირ ქსოვილზეა შესაძლებელი და არ მოითხოვს თარგის ხელახალ აგებას. შემოგთავაზებთ კიდევ ერთ, უმარტივეს გზას, რომელიც საშუალებას მოგცემთ საბაზისო თარგის გარეშე შეიკეროთ აზიური შარვალი: ეს არის კვადრატული ქსოვილი 150X150სმ, რომელიც დიაგონალურად უნდა გადაკეცოთ. დანარჩენს კი ქვემოთ მოცემულ სურათზე ადვილად გაარკვევთ.


  P.S. გახსოვდეთ! ნებისმიერი შარვლის თარგის აგებისას უკანა კალთის სიგანე 4სმ-ით მეტია წინა კალთის სიგანეზე, ხოლო წელის შუახაზი - 4სმ-ით მაღალი. ამის იგნორირება დაუშვებელია.

 



Copyright © 2007-2018 by Nana Koberidze. All rights reserved